სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

25/02/2024

მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჯამში, 435 სოფლის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა. დასკვნით საერთო კრებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში დაესწრო. როგორც დავით ნოზაძემ საუბრისას აღნიშნა, წელს მცხეთა-მთიანეთის მხარის სოფლებისათვის, ჯამში, 4 868 000 ლარია გამოყოფილი. მისივე თქმით, პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება.

“ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეხვედრები 50-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მერები, მოადგილეები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ასევე, მოსახლეობა. ასეთი ორმხრივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა პროექტები, სხვადასხვა აზრთა შეჯერების შედეგად, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩეს.” – განაცხადა დავით ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით დაფინანსდება შიდა სასოფლო გზების, შიდა განათების, შემოღობვის, წყაროების მოპირკეთების, სანიაღვრე არხების, სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სკვერების, მინი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა სახის სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0