მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამმართველოს უფროსმა ნიკოლოზ კიკნაველიძემ პროექტის „დანერგე მომავალი“ შესახებ ისაუბრა.
შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, ვიცე მერი გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში,მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ხორციელდება “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავაწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება, გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გააადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, მოხდება ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის გაუმჯობესებას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
19/01/2018