სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას რეგიონებში ეცნობიან. შეხვედრები გურიის რეგიონიდან დაიწყო. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ადგილობრივ ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმის პროგრამები გააცნეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ფერმერებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა, ფერმერების მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა კრიზისული პერიოდის დასაძლევად, მათთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.“ -განაცხადა ლაშა შალამბერიძემ
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, მეტი შეღავათი მიიღოს სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამები იხილეთ ბმულზე: www.arda.gov.ge