სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში

11/05/2022

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. პლენარულ სხდომაზე ზურაბ აზარაშვილმა სამინისტროს ძირითად მიმართულებებზე, უწყების საქმიანობის სპეციფიკაზე, სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება“, – განაცხადა მინისტრმა. მან თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა.

„მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზე და აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია მუშაობა მედიკამენტების რეფერენტული ფასების დადგენისთვის. მინისტრის თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება. მისივე თქმით, საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებისთვის იგეგმება ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამის კიდევ მეტად გაფართოება.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აზარაშვილმა მიმდინარე ფარმაცევტულ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის შეცვლა მარკეტინგული ბენეფიტებისა და სხვა მიზნებისთვის და არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე შესაცვლელი პრაქტიკაა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მიმდინარე წლის აპრილიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით ან აფთიაქიდან ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. ასევე, შეიცვალა, დანიშნულების გაცემის მექანიზმიც.

მინისტრის თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ელექტრონული რეცეპტების გამოწერისა და აფთიაქებიდან მედიკამენტების რეცეპტის საფუძველზე რეალიზაციის კონტროლს. უახლოეს დღეებში დასრულდება რეგულირების სააგენტოში წამლის დეპარტამენტის ფორმირების პროცესი, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობას შექმნის ქვეყანაში წამლის რეგულირების ჩარჩოს გაძლიერებისთვის. ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა. მისი განცხადებით, სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივ მწარმოებელს კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP სტანდარტზე გადასვლა დაევალა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის თანაბრად კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, 2022 წლის ივნისიდან GMP სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება განისაზღვრა ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებზეც. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებითი რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა დასრულებულია და 2022 წლის ბოლოს, ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შემოწმება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში მოხდება, გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის, დიფერენცირებული, გაზრდილი კაპიტაციური დაფინანსების ამოქმედება, ტელემედიცინის შესაძლებლობების ფართოდ გამოყენება და დაფინანსების მექანიზმების იმგვარი მოდიფიცირება, რომ გარანტირებული იყოს პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა.

„წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით, წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რამაც უწყებას, დიაბეტის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, გაიზრდება დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სპეციალისტებთან იმისთვის რომ შეიქმნას ინსულტის და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პაკეტი, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს. გარდა ამისა, პრიორიტეტულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისთვის, მაქსიმალურად შემცირდება მოლოდინის პერიოდი, რაც ამ ეტაპზე 2 თვეს შეადგენს. ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებს არ მოუწევთ ლოდინი კუთვნილი სამედიცინო სერვისების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, გერმანიასა და ისრაელში. ზურაბ აზარაშვილმა ყურადღება გამახვილა კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მისი თქმით ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იქნა გადადგმული, რაც შედეგებზეც მნიშვნელოვნად არის ასახული. „პანდემიის დაწყებიდან, 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ, რომ პაციენტებს ხარისხიანი სერვისი მიეღოთ. ამ თანხის ნაწილი მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის 50%-იანი დანამატის გასაცემად იყო მიმართული. პანდემიის სტაბილიზაციის პირობებში, 1-ლი მარტიდან, შესაძლებელი გახდა კლინიკების ეტაპობრივი გამოთიშვა კოვიდის მართვის პროგრამიდან. ამჟამად, კოვიდ პაციენტების მიღებას საჭიროების შესაბამისად ახორციელებს 40-მდე კლინიკა, 2000-მდე საწოლით. თუმცა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე, მინიმალურია და დღეში, 30 შემთხვევას შეადგენს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების, დასაქმების, მიგრაციის, სოციალური დაცვის, შშმ პირებისა და ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასევე შეეხო დევნილთა განსახლების და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს და აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ზურაბ აზარაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერისათვის. ზურაბ აზარაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, „მინისტრის საათი“ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გაგრძელდა. მინისტრმა ცალკეული დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და მათთვის საინტერესო თემებზე დამატებითი ინფორმაცია წარადგინა. მინისტრის და სამინისტროს საქმიანობის შეფასებისთვის, საპარლამენტო ტრიბუნა დამოუკიდებელ დეპუტატებს, პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციებისა და კომიტეტების წარმომადგენლებს დაეთმო, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე მოსმენილ ანგარიშს პოლიტიკური შეფასებები მისცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0