სოფლებში არსებულ მდგომარეობას ტარიელ ებრალიძე პირადად გაეცნო

13/12/2016

შუახევში გამოიდარა.თოვლის საფარი დაბალ ზონაში 40-50 სმ-ია, ხოლო მაღალ ზონაში-120-180 სმ. მაღალი ზონის სოფლებში ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. სამგზავრო ტრანსპორტი ვერ შედის წყალსაყრის, შუბნის, ოლადაურის, დღვანის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებში.ამ დროისათვის გზებზე მუშაობს 11 ერთეული საგზაო ტექნიკა. იწმინდება შუახევი-შუბნის, შუახევი-უჩამბის, ჭვანა-გომარდულის, ჭვანა-ნაღვარევის და სოფლების დღვანის, ნენიის, ჯაბნიძეების გზები. მუშაობს ყველა საჯარო სკოლა. დიდ თოვლობის გამო მეცადინეობა შეწყვეტილია უჩამბის ბაგა-ბაღში. ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად განვითარდა მეწყერული პროცესები. სოფელ ბესელაშვილებში დაიმეწყრა რაინდი დიასამიძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ჩამოსული მიწის მასისგან ჩაიკეტა სოფლის გზა 5 გრძივ მეტრზე. სოფელ ცხემლისში ზურაბ ციციანის სახლს ზემოთ ჩამოვიდა თოვლის ზვავი. საფრთხე დაემუქრა საცხოვრებელ სახლს. სოფელ ღორექეთში თოვლმა დააზიანა შალვა ზოიძის სასიმინდე ნალია, ხოლო სოფელ ჩანჩხალოში დაზიანდა რომან დიასამიძის ბოსელი. მეწყერული პროცესები ვითარდება აგრეთვე სოფელ ჭალაში. მეწყერი განვითარდა დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩის ზედა მხარეს. დღეს დილიდან სოფლებში არსებულ მდგომარეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე პირადად გაეცნო.შეხვდა მოსახლეობას.დაათვალიერა გზებზე თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები.ხვალიდან დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან. მუშაობს საგანგებო შტაბი. ყველა სიტუაცია კონტროლზეა. ოპერატიულად ხდება წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0