დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის წარდგენას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. პროგრამა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა წარადგინეს.
მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან, თბილისი მეათე თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც არა მარტო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა, არამედ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.
„თბილისში დიდი დღესასწაული იწყება, რომელსაც თეატრალური ფესტივალი ჰქვია. ქალაქში ცხრა საერთაშორისო რანგის დასი ჩამოდის. ვინაიდან, ფესტივალი ათი წლის ხდება, პროგრამა ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანია. მომავალ წელს კი, ის კიდევ უფრო მასშტაბური გახდება – დაემატება თეატრალური ბაზრობა, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს. თბილისი რეგიონში კულტურის დედაქალაქი უნდა გახდეს და მსგავსი ფესტივალები ამ პროცესს ხელს უწყობს“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
ცხრა წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 170 კომპანიას უმასპინძლა. წელს კი, ღონისძიებას 80-ზე მეტი სტუმარი ეწვევა, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალებს, თეატრებსა და საპროდიუსერო კომპანიებს წარმოადგენენ.
მეათე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიხეილ ბარიშნიკოვს, თაიგერ ლილიზს, ცირკ ელუაზს, თალია თეატრს ნინო ხარატიშვილის რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ და სხვა ერთმანეთისგან განსხვავებულ და საინტერესო ფორმის წარმოდგენას აერთიანებს.
ქართული სპექტაკლების პროგრამა ტრადიციულად, ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და გასული სეზონის შეჯამებაა. ქართული თანამედროვე თეატრის გასაცნობად, ერთობლივი და გაცვლითი პროექტების დასაგეგმად, პროდიუსერები თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. გასული წლების განმავლობაში, საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა 500-ს, ხოლო მაყურებელთა რაოდენობა 43 500-ს აღემატება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 30 სექტემბერს დაიხურება.