დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 სკვერი გაიხსნა. მოეწყო ახალი სკვერი სოფელ ციხისძირში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სკვერს დაბა ჟინვალში. განხორციელებული სამუშაოების შედეგად სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცეები გაკეთდა. ციხისძირის პარკში მინი სტადიონი და საბავშვო ატრაქციონებიც მოეწყო. ახალგახსნილი სკვერები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიგლა ფოცხვერაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და ახალგაზრდებთან ერთად მოინახულეს.
„მოხარული ვარ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტს კიდევ 2 კეთილმოწყობილი სკვერი შეემატა. მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აღნიშნული პროექტების დაფინანსებისთვის“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
სკვერების სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.