სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

20/10/2019

ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა. 2-სართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის ღირებულებამ 397 000 ლარი შეადგინა. ახლადაშენებული მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან ერთად გახსნეს.

„დღეს, ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც, მჯერა, თითოეული ქართველი გაახარა. გოდერძი გამორჩეული პიროვნება იყო. მან საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში და კულტურაში. მოხარული და განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობის, გუდამაყრის შვილია“ – აღნიშნა შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

დღესვე, გუდამაყრის ხეობაში, ფართოზოლოვანი ინტერნეტი გაეშვა, რომელიც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხეობებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას, ჯანდაცვის სერვისებზე და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზამთარში, კლიმატური პირობების გამო, გარესამყაროდან იზოლაციის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაც იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0