სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა

29/09/2021

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პირველად სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებს. ამბულატორია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისათვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარითაა აღჭურვილი და 2800-მდე ბენეფიციარს მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს იმუნიზაციაც. აცრის მსურველ მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარება „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ შეუძლიათ. ქსოვრისის ამბულატორია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კალანდიასთან და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად მოინახულა.

„ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საკითხი პრიორიტეტულია. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. მიხარია, რომ ამიერიდან ქსოვრისის მოსახლეობა პირველადი ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისის მიღებას თავიანთ სოფელშივე, მეტად კომფორტულ გარემოში შეძლებს. ასევე, მათ აქვთ საშუალება, რომ ადგილზე გაიკეთონ აცრებიც. ამისათვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტით, ინვენტარით და შესაბამისად, ვაქცინაციის ჩატარება უსაფრთხო გარემოშია შესაძლებელი. ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და მადლობა ვუთხრა მათ, რადგანაც ქსოვრისის ამბულატორიის გახსნა მათი მხარდაჭერისა და დახმარების შედეგია. რა თქმა უნდა, რეგიონის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესი კვლავაც აქტიურად გაგრძელდება,“ – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ქსოვრისის ამბულატორია, ასევე, მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0