სოფელ ურბნისში, სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28/06/2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში 300-მდე მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. პროექტის თანახმად, სკოლის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება და შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციის, წყალმომარაგების სისტემები, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

„ხელშეკრულებით წლის ბოლომდე აქვს ვადა კონტრაქტორ კომპანიას, მაგრამ სასიხარულოა, რომ სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება და სექტემბრისთვის ურბნისელი ბავშვები განათლების მიღებას განახლებულ სივრცეში შეძლებენ. ზოგადად, 65 ახალი სკოლა შენდება ჩვენი მეთვალყურეობით, საიდანაც 36 უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე სულ 60 ობიექტს ჩავიბარებთ და აქედან მხოლოდ 5 სკოლა გადავა 2022 წელს. რაც შეეხება სარეაბილიტაციო მიმართულებას, 80-ზე მეტი მიმდინარე პროექტი გვაქვს და ურბნისის სკოლა მათ შორის ერთ-ერთია. ამას გარდა, მსოფლიო ბანკის დახმარებით, კიდევ 80 სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ და ამ ეტაპზე, საპროექტო და დიზაინერული კომპანიების შერჩევის პროცესში ვართ,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომელმაც მიმდინარე სამუშაო ადგილზე დაათვალიერა.

რეგიონების განვითარებისა და ამ კონტექსტში, განათლების ინფრასტრუქტურის განახლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

„პრემიერ მინისტრის და მთავრობის სტრატეგია არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ რეგიონების განვითარებაა, თანამედროვე სტანდარტების განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რაც სხვა სახის ინფრასტრუქტურასთან ერთად, ხელს შეუწყობს ადგილებზე ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,“ – აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0