სოფელ სადმელში ‘’შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინკლუზიის ცენტრი” გაიხსნა

12/06/2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინკლუზიის ცენტრი” გაიხსნა. აღნიშნული პროექტი ა(ა)იპ “ერთად რეალური ცვლილებებისათვის” მხარდაჭერითა და ინიციატივით განხორციელდა. სოციალური ინკლუზიის ცენტრი განკუთვნილი იქნება, როგორც 18 წლამდე ასაკის ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის, მათი უფლებების დაცვისა და სოციალური ინტეგრაციის მიზნით. ცენტრი უკვე აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და აპარატურით, ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი იქნა პოტენციურ თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მიმდინარეობს სამუშაოები სოციალური საწარმოს დანერგვის მიმართულებით. შენობის რეაბილიტაციის, სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ეზოს კეთილმოწყობის მიზნით პროექტი დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, არსებული რეაბილიტირებული ფართის აღჭურვა და პერსონალის გადამზადება განხორციელდა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე აქტიურად არიან სლოვაკეთისა და პოლონეთის საელჩოები ჩართული პროექტის სხვადასხვა კომპონენტის დაფინანსების საკითხში. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სარეაბილიტაციო სამუშაოების შენობის უკან მიმდებარედ არსებული ფართის კეთილმოწყობის მიზნით, რათა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ჰქონდეთ ადაპტირებული გარემო, სადაც ექნებათ დამოუკიდებლად და შეუზღუდავად გადაადგილების, დასვენების განვითარებისა და გართობის შესაძლებლობა.

“ჩვენ როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლება მზად ვართ ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებასა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზაციას და ვუზრუნველყოთ მათი პიროვნული რესურსის დაცვა და განვითარება. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სივრცე ხელს შეუწყობს შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში სტიგმის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას და ხანდაზმულთა რესოციალიზაციას”-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0