შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, 4 დღიანი სამუშაოების შედეგად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის კერებთან უწყვეტ რეჟიმში 300 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 97 გაფრენა განახორციელეს. დრონის საშუალებით ხდებოდა ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.
შტაბის მუშაობაში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში – გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებული იყო თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ადგილზე ასევე მუშაობდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ატენის ხეობაში მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
სოფელ ორმოცის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია
27/12/2019