გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას. პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სკოლამდე მისასვლელი გზის ასფალტირება იგეგმება. სარებილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 700 მეტრს მოიცავს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი და მიერთებები, ასევე, ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარამდეა გათვალისწინებული. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით თედოწმინდაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულება 60 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტს მოიცავს. სკოლის შენობასთან ერთად მოეწყობა ღობე და სპორტული მოედანი. სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს და სამშენებლო პროცესს გაეცნენ. რწმუნებულის თქმით, რეგიონში მიმდინარე თითოეული პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.
სოფელ თედოწმინდაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
20/06/2020