სოფელ გლდანში კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი გაიხსნა

23/09/2016

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი გახსნეს.
საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2015 წელს დაიწყო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განხორციელდა შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რისთვისაც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 480 ათასი ლარი გამოიყო.
„მორიგი წინასაარჩევნო დაპირება შესრულდა. გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის დარბაზი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დახურული და მოუწესრიგებელი იყო. გლდანის მიკრორაიონებში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც ამ სპორტით არიან დაკავებულები და დარწმუნებული ვარ, ღირსეული მომავალი თაობა გაიზრდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შენობა, თავისი ორიგინალური ფორმითა და კონსტრუქციით, წარმოადგენს ძველი სტილის ნაგებობას, სადაც ადრე სახელგანთქმული ფალავნის – კულა გლდანელის სახელობის სახალხო შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში იმართებოდა, ხოლო შემდგომ – ათწლეულების მანძილზე შენობა მიტოვებული და უფუნქციო იყო.
სპორტულ დარბაზში თავისუფალი ჭიდაობის, კლასიკური ჭიდაობის და ძიუდოს შესწავლა მოხდება, სასწავლო ჯგუფებში 8-დან 15 წლამდე ასაკის 100 მოზარდი ჩაირიცხება.
თბილისის მერიის მიზანია თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტის სახეობები ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, საკრებულოს წევრები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0