სნო იქცა ქართველებისთვის წმინდა ადგილად

23/07/2017

„კათოლიკოს-პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და დღესაც ვართ ერთ-ერთი საშვილიშვილო საქმის მოწმეები. ეს საქმე თავის წვლილს შეიტანს საქართველოში მთის, სულიერებისა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერებაში“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, სნოში, სასტუმროს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძე საზეიმო ღონისძიებას შვილთან ერთად დაესწრო.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორესადმი სიყვარულის გამო, სნო ქართველებისთვის წმინდა ადგილად იქცა.
„კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულის გამო, სნო იქცა ქართველებისთვის წმინდა ადგილად. ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს, ამ ადგილას, ასეთი მნიშვნელოვანი საქმის მოწმენი ვართ. კათოლიკოს-პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით, საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და დღესაც ვართ ერთ-ერთი საშვილიშვილო საქმის მოწმეები. ეს საქმე თავის წვლილს შეიტანს საქართველოში მთის გაძლიერებაში, სულიერებისა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერებაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კათოლიკოს-პატრიარქსა და ქართულ ეკლესიას სამშობლოსა და სულიერების გაძლიერებაში შეტანილი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
სნოს ხეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. უწმინდესმა და უნეტარესმა შრომის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, ხევი, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთი მხარიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს აშენდა იმისთვის, რომ ვნახოთ და გავიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ და აი მე ვაჩვენე მაგალითი ამისა. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის, მოსავალი, ჰაერი, ყველაფერი მოგვცა ჩვენ ღმერთმა და ამიტომ, ვისარგებლოთ ამ ღვთის წყალობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით შრომას. შრომა – ეს არის მკურნალი ადამიანისა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
დღესვე, ახლადგახსნილ სასტუმროში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნის „ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ და უწმინდესისა და უნეტარესისადმი მიძღვნილი წიგნის „პირმა დაგლოცასთ ღვთისამა“ პრეზენტაცია გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
სასტუმრო „სნო“, რომელიც მრევლის შემოწირულობებით აშენდა, 34-ნომრიანია და მასში ადგილობრივები დასაქმდებიან. სასტუმროსგან მიღებული შემოსავალი სოფელ სნოში მოსახლეობის სოციალურ დახმარებას მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0