სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმში მონაწილეებს სიტყვით მიმართა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ. ხიდაშელის ინფორმაციით, ფორუმის ოფიციალურად გახსნის ფარგლებში სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიესალმა და მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოში მაისში ანდრეი კისკას დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერა გამოხატა. საუბარი შეეხო ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, კონფერენციის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებით მოხდა.
”ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სლოვაკეთის პრეზიდენტთან საუბრის, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. ის საქართველოში ჩამოდის მაისის ბოლოს და შესაბამისად, ბუნებრივია მისგან გაცილებით მეტს უკვე თბილისში მოვისმენთ”, – განაცხადა ხიდაშელმა.