საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით 21-ე სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.
„ჩვენ დღეს მოვისმენთ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბატონი შალვა თადუმაძის, მოხსენებას ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა. ჩვენ ყველა შევსწრებივართ ისეთ პროცესებს, სადაც, მაგალითად, სახდელდადებული, ჯარიმამისჯილი პირი წარდგება სასამართლოზე; მისი მოწინააღმდეგე მხარე არის, უბრალოდ, ის პოლიციელი, რომელიც ჯარიმის ავტორია, და იქ რეალურად შეჯიბრებითობის პროცესი არ არის. ეს არის, თუნდაც, ერთი, თუმცა, ფუნდამენტური ხარვეზი ამ კოდექსის და ჩვენ გვინდა, ეს კოდექსი მთლიანად გარდავქმნათ. ეს პროცესი დღეს მიდის ლოგიკურ დასასრულამდე”, – განაცხადა სხდომის დაწყების წინ თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა წინასწარი პატიმრობის რეფორმის საკითხზეც ისაუბრა: „ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოში შემოვიტანოთ წინასწარი პატიმრობის მრჩევლის ინსტიტუტი, რომელსაც ექნება შემფასებლის ფუნქცია და მოსამართლეს ურჩევს, მოცემული ბრალდებულის წარსულიდან და მისი საშიშროების ხარისხიდან გამომდინარე, უნდა იყოს ის წინასწარპატიმრობამისჯილი, თუ − არა. ეს ორი მნიშვნელოვანი რეფორმაა“, – განაცხადა მან.
სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, იმსჯელეს თავისუფლების შეზღუდვის გაუქმებასა და შინაპატიმრობის დანერგვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმების დახვეწის, იარაღის უკანონო ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრების; სისხლის სამართლის პროცესში ირიბი მტკიცებულებების შესახებ.
სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სისხლის სამართლის საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ასევე, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში უწყებათაშორისო საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.