სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით

26/10/2020

ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, მთავრობა ცდილობს, დაიცვას ბალანსი – დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას.

„საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ეს ზრდა კიდევ მოსალოდნელია. დღეს 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიის მიხედვით სვლას, რომელი სტრატეგიის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ. კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი. ერთის მხრივ, დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, მეორეს მხრივ, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი. გასულ კვირას გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მსხვილ დამსაქმებლებთან. აქ იყო, როგორც საშუალო, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით – პირბადის ტარებით და დისტანციის დაცვით”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მკაცრი რეკომენდაცია გაიცა 3 ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია, მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგში დგომისას, ან გაჩერებებზე.

„თუ ჩვენ გვექნება წესების 90%-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, დაახლოებით 70%-ით შევანელოთ ვირუსის გავრცელების ტემპი და რაც მთავარია, რაც უფრო მეტი იქნება წესების დაცვა, ნაკლებად მოგვიწევს წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ არჩევნები ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება.

„წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. შესაბამისმა სამსახურებმა უკვე იმუშავეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ჩატარდება უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება, როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს,” – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0