საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც, იმყოფებოდა, რომელმაც მედიის შეკითხვებს უპასუხა.
ივა ჩიღვინაძის საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად დანიშვნასთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ სირცხვილია ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია.
„პირველ რიგში სირცხვილია, რომ ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია და ამავდროულად, ძალიან გასაკვირი და დამაფიქრებელია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა საერთოდ იხსენებს იმ სისხლიან ღამეს, როდესაც მოხდა ადამიანების მიზანმიმართული დარბევა და დაფიქსირდა ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი რეფერენდუმის საკითხსაც შეეხო.
„პრეზიდენტი ხვალ შეხვდება საინიციატივო ჯგუფის წევრებს და, ბუნებრივია, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, პრეზიდენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტზე უცხო პირის დაშვებასთან დაკავშირებით, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დასანანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი ინფორმირებული არ იყო.
„ძალიან დასანანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი საერთოდ არ იყო ჩაყენებული საქმის კურსში. რაც შეეხება შემდგომ, უშიშროების საბჭოს გამოთხოვილი აქვს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე და მეტი ამ თემაზე ჩვენგან შემდგომში გახდება ცნობილი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
სირცხვილია, რომ ადამიანს დააბრალო მკვლელობა
08/08/2016