„სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოშია

03/04/2021

საქართველომ „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა მიიღო ჩინური წარმოების მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული. ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან. დიალიზზე მყოფი პაციენტები აცრის გაკეთებას იმავე კლინიკაში შეძლებენ, სადაც დიალიზის თერაპიას გადიან. იქმნება სათადარიგო სიებიც, რათა ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0