სივრცითი მოწყობა მოიცავს ყველაფერს

16/09/2016

ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია ძირითადად დონორი ორგანიზაციების თანხებით დაფინანსდება, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტი ასეთ დიდ ტვირთს ერთდროულად ვერ აიღებს, – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათას კილომეტრამდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით სამნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.

”სივრცითი მოწყობა მოიცავს ყველაფერს. ეს არის იმის საშუალება, რომ მივიტანოთ ყველგან სისხლი და ჟანგბადი. ყველა იმ რეგიონში, რომელთანაც დღეს მიღწევა ცოტა ჭირს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, უნდა განვითარდეს საქართველოს ისტორიული მისია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის და სამხრეთის დამაკავშირებლის.

”ყველაზე დიდი დრო დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალს იმიტომ, რომ ყველაზე აქტუალურია ჩინეთიდან დასავლეთში და პირიქით ტვირთების გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით აღმოსავლეთ-დასავლეთზე და ამ ბოლო პერიოდში დღეს ყველაზე მკაფიოდ გაჟღერდა ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩრდილოეთ-სამხრეთზეც, ანუ რუსეთის, ინდოეთის, ირანის, ერაყის და პაკისტანის დამაკავშირებელ არტერიებზე. რასაკვირველია, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე განვახორციელებთ ამ სამუშაოებს. არის მზადყოფნა ჩვენი სამხრეთელი მეგობრებისა და მეზობლებისა, რომ იქიდან ავტობანი გავიდეს რუსეთში იმიტომ, რომ ინტერესი ამ რეგიონებს შორის და ეკონომიკური ურთიერთკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0