სვეტიცხოვლობა სრულიად საქართველოს დღესასწაულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს

14/10/2020

სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მიმართა, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია და ვირუსს ებრძვის.

„პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სვეტიცხოვლობა მივულოცო. სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული. სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ამ ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია – ყველა ერთად. ამ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, ისეთი, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ და რა თქმა უნდა, ამ ერთიანობით ჩვენ ერთმანეთს უნდა მივულოცოთ სვეტიცხოვლობა. პირველ რიგში, მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო უწმინდესს და მინდა კიდევ ერთხელ, მივულოცო თითოეულ თქვენგანს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0