სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც შეძლებენ

04/02/2021

სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც შეძლებენ – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდეს სპორტული ობიექტებზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე, რომ მათ დაუსუბსიდირდეთ როგორც ბანკის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის და ლიზინგის პროცენტი. სპორტული ობიექტების შემთხვევაში, პროგრამა მოიცავს ფიტნეს-ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზებს ანუ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ კომპანიების, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტული აქტივობებით, ფლობენ მსგავს ობიექტებს და აქვთ სესხი, ან ლიზინგის პროცენტს იხდიან. მათ ჩვენ 80 პროცენტით დავუფინანსებთ სესხის პროცენტს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, იგივე ვრცელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებზე, მათ შორის ინკლუზიური განათლების ანუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებეზე. მათაც 80 პროცენტით, 6 თვის განმავლობაში, დაუსუბსიდირდებათ სესხის პროცენტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0