სენაკის მუნიციპალიტეტში, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს, ომში გმირულად დაღუპული მფრინავის – ალექსანდრე წურწუმიას ძეგლთან გაიმართა საზეიმო ღონისძიება. გმირის ბიუსტის გვირგვინებით შემკობის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ სიტყვით მიმართა ვეტერანებს, მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და პრემიერ-მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ომშის მონაწილეთა თავგანწირვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია. ყვავილებით შეიმკო ასევე, ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას და აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული გმირების: გენო ადამიას, გურამ გაბესკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები. დასასრულს, ომის ვეტერანებისთვის გაიმართა სადღესასწაულო ბანკეტი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ 600 ლარიან დახმარებას. სენაკში მცხოვრებ ვეტერანებზე, დამატებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა პროგრამული ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით.