აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ შესაბამისი სამსახურებისა და საამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სენაკის თეატრის რეკონსტრუქცია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება.ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები. დასრულებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი, სრულად განახლებულია ელექტროგაყვანილობა. დასრულდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდება და აღდგება კედლის უნიკალური მხატვრობა. დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარეგანათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.
2018 წლისთვის დასრულდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრის შენობის სრული და ყოველმხრივი რეაბილიტაცია. მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკის თეატრის შენობას მანამდე არ ჩატარებია, რომლის შემდეგაც იგი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.
თეატრის შენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, 1953-59 წლებში დააპროექტა არქიტექტორმა ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძემ.
სენაკის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გოჩა დგებუაძემ დაათვალიერა

14/07/2017