საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 185 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.
სემეკ-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კომისიამ სამი საჯარო სხდომა გამართა, სადაც, ძირითადად, მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა.
მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობასთან დაკავშირებით. სხდომაზე განსახილველად საკითხები წარადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა.
კომპანიების მიერ მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და სემეკის გადაწყვეტილებით ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ 185 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემხთვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.