ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა დეტალურად ისაუბრეს ევროკავშირში/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე. კერძოდ: • საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით მიმოსვლა, რაც გულისხმობს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში. • 90 დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ მოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქემ უნდა მიმართოს საქართველოში აკრედიტირებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს. უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა: • ტურისტული მოგზაურობა; • ოჯახის წევრების/ნათესავების/ ახლობლების მონახულება; • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა; • მოკლევადიან სასაწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; • კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა; • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია. ევროკავშირში/შენგენის წევრ ქვეყნებში მგზავრობისთვის: • საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს ბიომეტრიულ პასპორტს; • მოქალაქემ უცხი ქვეყნის საზღვარზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია დაასაბუთოს მგზავრობის კონკრეტული მიზანი, რის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვთ მოითხოვოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტი (ნაღდი ფული ან მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი ) და სხვ. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში ) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა! უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში მუშაობას და ხანგრძლივი სწავლის უფლებას! საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქმება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე თუკი: • ვერ შესძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას; • საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობის ან შიდა უსაფრთხოებას; • ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით; • არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი ინფორმაცია. • აკრძალული აქვს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ. • საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები და კანონმდებლობა. • 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლის ვადით. ამასთან, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 3000 ევრომდე. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ნებართვის გარეშე მუშაობა ითვლება არალეგალურად, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და შესვლის აკრძალვა. უვიზო მიმოსვლა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას (დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა) და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას, ასევე შესაძლებელია შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანაში. სამუშაო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ დასმულ ყველა შეკითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხი. შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ ანალოგიური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს ქალაქ მცხეთის N:1 საჯარო სკოლაშიც.
საჯარო შეხვედრა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა
28/03/2017