საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ტრენინგები დაიწყო

12/12/2016

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ხელშეწყობით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის ტრენინგების კურსი დაიწყო. ტრენინგი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა გახსნეს. სწავლების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. პროექტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ტრენინგები კომპლექსური ხასიათისაა და ითვალისწინებს რამდენიმე თემის შესწავლას. ძირითადი საკითხებია: ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბიუჯეტის შემოსულობების მართვა საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია გადახდების პროცედურები ტრენინგებს გაუძღვებიან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში, 2016-2017 წლებში დაგეგმილია 300-მდე სპეციალისტის გადამზადება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0