სახლის აშენებისა და კეთილმოწყობის საქმეში ყველა ადამიანის თუნდაც მცირედი წვლილიც კი ძალიან დასაფასებელია

15/05/2022

დღეს ჭიკაიძეების მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც 6 წევრისგან შედგება და მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვია, ხის ახალი სახლი გადაეცა. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და ბიზნესის წარმომადგენლების ფინანსური დახმარებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომში უკვე აშენდა ხის სახლი, სადაც ჭიკაიძეები ცხოვრების გაგრძელებას გაუმჯობესებულ პირობებში შეძლებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ლადო ჭიკაიძე ჩაერთო სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი მარტიდან დაიწყო. სოფელ ხომში, ჭიკაიძეების მრავალშვილიანი ოჯახის მოსანახულებლად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან და ბიზნესმენებთან – გია გაგუასთან და ვაჟა უსანეთაშვილთან ერთად იმყოფებოდა. დავით ნოზაძემ ჭიკაიძეებს ახალსახლობა პირადად მიულოცა, ხოლო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს გამოჩენილი გულისხმიერებისა და ფინანსური დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, როგორც ამ ოჯახის თითოეული წევრისთვის, ასევე, ჩვენთვის, რადგანაც ბავშვები ბევრად უკეთეს პირობებში შეძლებენ ცხოვრებას. სახლის აშენებისა და კეთილმოწყობის საქმეში ყველა ადამიანის თუნდაც მცირედი წვლილიც კი ძალიან დასაფასებელია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ბიზნესმენებს, რომელთაც საკუთარი დაპირება შეასრულეს და ჭიკაიძეების დასახმარებლად ფინანსური რესურსი გამოყვეს. ოჯახს კი ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და მშვიდობას,” – განაცხადა დავით ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაიძეების მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, თებერვალში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ესტუმრა და მათ საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. არსებული საცხოვრებელი პირობების მონახულების შემდეგ, ბიზნესმენებმა ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სახსრებით, ჭიკაიძეების ოჯახს უახლოეს პერიოდში ხის ახალ კომფორტულ სახლს აუშენებდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0