ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში, სოფელ კვირიკეთში განაცხადა, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელ კონსტანტინე ანანიაშვილთან, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი სახოკიასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად ნორვეგიული კალმახის სალიფსიტე მეურნეობა „გურია ფიში” დაათვალიერა. სალიფსიტე მეურნეობაში, რომელიც 1 500 000 ლარით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში დაფინანსდა, მთავრობის მეთაური წარმოების პროცესს გაეცნო. მეურნეობის მფლობელის ინფორმაციით, კომპანია „გურია ფიში” ნორვეგიულ ორაგულს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე განხორციელდება. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურად განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის დარგი, რომელსაც როგორც მოსახლეობის დასაქმების, ისე ექსპორტის პოტენციალი აქვს. საწარმოში ამ დროისთვის განხორციელებულია 1 200 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო საბოლოო ეტაპზე კომპანია ჯამში 25 000 000 ევროს მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.
სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი საწარმოების შექმნას და ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას
12/02/2021