სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს და თითოეულს 100 000 ლარს გამოუყოფს

01/08/2022

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, კოლეგებს და საზოგადოებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობდა დაღუპულ მფრინავებს.

“პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დაღუპული ექიმების ოჯახებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს”, – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0