სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, – პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპროდაქშენი“, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ახლად გახსნილი საწარმო მშენებლობის სფეროში ტექნოლოგიურ ცვლილებებს მოიტანს.
“ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს – „თბილცემენტ გრუპისა“ და „ეფ-პი-სის“ ბაზაზე, რომელთაგან თითოეული იყო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი. ორივეს სახელმწიფო დაეხმარა ფინანსურ კომპონენტში და ძალიან კარგია, რომ მოინახა სინერგია. საწარმო „მეგაპროდაქშენი“ გახლავთ მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი დამაჩქარებელი. ის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც ეს საწარმო აწარმოებს, იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად აჩქარებს, აიაფებს მშენებლობას და ხარისხის მაჩვენებლებიც ძალიან სახარბიელო აქვს”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მშენებლობის სექტორში არსებულ დიდ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთლიანად ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა.
“2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში, ხოლო 2018 წელი, 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, ანუ ინფრასტრუქტურის ხარჯების თითქმის გაორმაგება. მილიარდ 830 მილიონი ლარის ხარჯი არის ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას უკვე დაემატება კერძო სექტორის მზარდი დინამიკა და, ანალიზის შედეგად, რომლის ნახვაც ყველა თქვენგანს შეუძლია, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი დღეს კერძო სექტორს ეკუთვნის. ანუ, ეს ზრდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების კუთხით. თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები შენდება, ასევე დასრულდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული იურიდიული პროცესი, ფინანსურ ინსტიტუტებთან საქმე თითქმის ბოლომდეა მისული და დეკემბერში ანაკლიის პორტის ფიზიკური მშენებლობა დაიწყება, ეს კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს. შესაბამისად, ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე იქნება გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ბიზნესმენს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა და შესაძლებლობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, როგორი იტალიური დანადგარებიც აქვს “მეგაპროდაქშენს”, რაც ძალიან დიდ უკუგებას მოიტანს, პირველ რიგში კერძო სექტორში არსებული ზრდიდან და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მიმართულებით გაზრდილი დანახარჯებიდან გამომდინარე.
“ჩვენ წელს 60 მილიონი ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯები და მთელი ეს რესურსი მივმართეთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამასვე ვაპირებთ მომავალ წელს. იქნება კიდევ უფრო სერიოზული ზრდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. მხოლოდ ამ კომპანიაში დღეს შექმნილია 50 ახალი სამუშაო ადგილი, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და შემდეგ ეტაპზე, როდესაც წარმოების მოცულობა გაიზრდება, უკვე 100 ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი.100 დასაქმებული ადამიანი არის 100 წელში გამართული ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა
13/10/2017