თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს წევრებმა 13 საკითხი განიხილეს და თითოეულ მათგანს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის წევრების თანხმობის შედეგად, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ ჩიხსა და გასასვლელებს მთამსვლელი ალექსანდრა ჯაფარიძის სახელი მიენიჭება.
ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი კინომცოდნე ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის სახელი დაერქმევა.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს გლდანის რაიონში, თემურ სამხარაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი გელა ბელქანიას, სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ვახტანგ ელერდაშვილის, ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი მამუკა ბეინაშვილის, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ვახტანგ თედიაშვილის, ისნის რაიონში, ივანე როსტომაშვილის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ზურაბ ქუქჩიშვილის სახელის მინიჭების საკითხებს.
დღესვე კომისიის წევრებმა საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, გაბრიელ ათონელის ქუჩის გაგრძელებისა და ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის მსახიობი ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნულ საკითხებს დეპუტატები საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე 13 საკითხი განიხილეს
01/08/2016