სახალხო დამცველმა შს სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა

04/03/2016

საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე არაეფექტური რეაგირებისა და კოორდინაციისას არსებულ პრობლემებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათ მიერ საქმეთა შესწავლამ ცხადყო, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად გაფრთხილების პრაქტიკას იყენებენ.

“უმეტესად იმ შემთხვევებში, თუ ადგილი არა აქვს ფიზიკურ ძალადობას, მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელს უჭირს მიიღოს შემაკავებელი ორდერის გამოწერის გადაწყვეტილება.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაფრთხილების ოქმის შედგენის გამამართლებელ არგუმენტად მსხვერპლის სურვილს უთითებენ. აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მართებულად, რადგან ხშირ შემთხვევაში პოლიცია მსხვერპლს არ უხსნის შემაკავებელი ორდერის არსს და არ განუმარტავს, რომ გაფრთხილებას არ აქვს თანმდევი სამართლებრივი შედეგი. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის სამართალდამცავ უწყებებში მიმართვების ისტორია რამდენიმე წლიან პერიოდს მოიცავდა. მსხვერპლის მიერ განხორციელებული თითოეული მიმართვა სამართალდამცავთა მიერ განიხილებოდა, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა და ოჯახში ძალადობის სისტემატური და განგრძობადი ხასიათი გათვალისწინებული არ იყო.
საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების განხორციელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, რომ პოლიციელთა მიერ გაფრთხილების გამოყენების აკრძალვაზე შემუშავდეს სპეციალური ინსტრუქცია და გამკაცრდეს მისი აღსრულების კონტროლი. რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა, ასევე, მოითხოვა ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომლებიც მონაწილეობდნენ რეკომენდაციაში მითითებულ საქმეთა შესწავლის პროცესში.
ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და მასზე შესაბამისი ეფექტური რეაგირების განხორციელების მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა უწყებათაშორის თანამშრომლობას ენიჭება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ძალადობის შემთხვევის შესწავლისას ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობდეს.
სახალხო დამცველმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები სოციალური სამსახურებისთვის და დაინერგოს მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი. ამავდროულად, აღმოიფხვრას სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მიერ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მოწოდების ფაქტები”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0