პარლამენტმა, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმინა. მინისტრი, პირველ რიგში, ბაღდათში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო მსოფლიოში გავრცელებული კორონა ვირუსის შემოტანის პრევენცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდება, ქვეყანა მზადაა პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.
„მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემიოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ, დღეიდან უკვე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი, ლუგარის ლაბორატორიას აქვს საშუალება ვირუსის დიაგნოსტირება მოახდინოს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ სიტყვით გამოსვლისას, ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის საკითხზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ჰოლდინგის ძირითადი მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა. განახლდება ინფრასტრუქტურა და იმ სერვისების ჩამონათვალი, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ.
„სამედიცინო ჰოლდინგში პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას და მოქალაქის ჯანმრთელობაში განხორციელებული ინვესტიცია ყოველწლიურად იძენს უპრეცედენტო მასშტაბს. ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ არის გაზრდილი და ამ ცვლილების დადებითი გავლენა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნო საკუთარ თავზე. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო სერვისების მოხმარება, ასევე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა მაინც უმთავრეს გამოწვევად რჩება.
„საჭირო გახდა ახალი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის უფრო ეფექტურად ხარჯვაზე და მოსახლეობის გადასახდელი თანხების მინიმალიზებაზე იქნებოდა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით მოდელს, რომელიც დააბალანსებს სამედიცინო სექტორისა და პაციენტის საჭიროებებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შეიქმნა დაფინანსების ახალი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების ტარიფების დადგენას და ისეთი ფასის წარმოქმნას, რომელიც პაციენტს თავიდან ააცილებს ჯიბიდან მაღალ თანაგადახდას, ამავდროულად, დაწესებულებას მისცემს განვითარების და რეინვესტირების შესაძლებლობას.
„ბოლო პერიოდში საზოგადოებამ იხილა, რომ ჯანდაცვის აღნიშნულ რეფორმას სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მოჰყვა უკმაყოფილება. თუმცა მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ერთპიროვნული, არამედ რეფორმა დაიგეგმა სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის კერძო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, თუმცა განვითარების გზა უპირველესად უნდა გადიოდეს პაციენტის ინტერესების დაცვაზე. მისივე თქმით, სამინისტრო მუდამ აცხადებს მზაობას დიალოგისა და დარგის წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო სექტორში მიმდინარე საკითხების განხილვისთვის. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე უკვე დამტკიცებულია ახალი განფასება კარდიოქირურგიისა და რეანიმაციულ მომსახურებებზე.
„ტარიფიკაციის სრულად ამოქმედების შემდეგ, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ყველა სამედიცინო მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, როგორც პაციენტისთვის, ისე დაწესებულებისთვის წინასწარვე იქნება ცნობილი მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები. რის შედეგადაც დაფინანსების პროცესი გახდება მეტად მიზნობრივი, გამჭვირვალე და სამართლიანი“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება, ასევე გაამახვილა საქართველოში ჰოსპიტალების რაოდენობაზე და გადაუდებელ დახმარებაზე. მისივე თქმით, იწყება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა, რომლის ფარგლებში გაძლიერდება პრევენციული სერვისები, გაიზრდება ოჯახისა და სოფლის ექიმების როლი და დატვირთვა, განვითარდება ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურაც.
„უკვე დეტალურად გადაიხედა და გაიწერა პირველადი ჯანდაცვის რგოლში მისაწოდებელი მომსახურების მოცულობა და ჩამონათვალი. გარდა ამისა, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩვენ დავიწყეთ სელექტიური კონტრაქტირების ამოქმედება. ამ შემთხვევაშიც კრიტერიუმები მომსახურების ხარისხზე, დაწესებულების სიმძლავრეზე და ტექნიკურ შესაძლებლობებზეა გათვლილი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაიწყება მათი აღჭურვა. პროექტის დასრულების შემდეგ, მალე ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პირველადი ჯანდაცვა გადადის სრულიად ინოვაციურ ეტაპზე, რაც ამ სექტორში ტელემედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების მოწყობით დაიწყება. ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ერთ-ერთ მიზნად ელექტრონულ ჯანდაცვის სრული მასშტაბით ამოქმედება დაასახელა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის დიჯიტალიზაციაში მნიშვნელოვანი აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორისაა პაციენტის ელექტრონული ბარათის შექმნა, რომელზეც განთავსება ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ელექტრონული რეცეპტი, ცნობები ჯანმრთელობისა და დაზღვევის შესახებ და სხვა.
მინისტრმა მედიკამენტების პოლიტიკაზეც ისაუბრა, ვინაიდან დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ამ კომპონენტზე მოდის.
„მედიკამენტების რაციონალურად გამოყენების და მათზე დანახარჯების შემცირებისთვის ვიმუშავებთ პოლიფარმაციის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის შესახებაც ისაუბრა.
„პროგრამა 2017 წლიდან ამოქმედდა და უკვე 128 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში გამოიკვეთა გარკვეული ბარიერები, რაც მის წარმატებით მიმდინარეობას უშლის ხელს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევცვალოთ მედიკამენტების პროგრამის დღეს არსებული დიზაინი, რომელიც უმოკლეს ვადაში ამოქმედება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრა, რომლითაც სრულიად უფასოდ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები.
„პროგრამის ფარგლებში დაავადებულ პირებს უახლესი თაობის, ძვირადღირებული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემათ. პროგრამა ფარავს სკრინინგულ, სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგის კვლევებს. საქართველოს მიღწევების უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა წარმატებით დაასრულა 59 ათასზე მეტმა ადამიანმა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო სოციალური პოლიტიკა.
„ჩვენი სოციალური პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ვებრძოლოთ სიღარიბის მიზეზებს და არა სიმპტომებს. ადამიანის თავისუფალ არჩევანს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც არ აქვს მიზანი მოქალაქეს გვერდით დაუდგეს სოციალური ან ჯანდაცვის პაკეტებით, არამედ ჩვენი მიზანია მოქალაქეს შეუქმნას დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა მოქალაქის პირადი აქტივობის საშუალებით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სიღარიბის მიზეზებთან ბრძოლაში მთავარი ინსტრუმენტი დასაქმება, განათლება და უკეთესი ზრუნვა ბავშვებზე.
„ყოველ ბავშვს უნდა მიეცეს ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის უფლება, მათ მშობლებს კი სტაბილური დასაქმება და ღირსეული პენსია, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს მთავარ მიზნამდე – დავძლიოთ ადამიანის, ოჯახის და ქვეყნის ზოგადი სიღარიბე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმის გამო, რომ სიღარიბის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი უმუშევრობაა, აქტიურად დაიწყება სოციალურად დაუცველი პირების აქტიური დასაქმების ხელშეწყობა, რაც მოქალაქეს ფინანსურად ბევრად დამოუკიდებელს გახდის.
ბავშვისა და მშობლის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ დაიწყო ძირეული რეფორმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა შეეხება დღის ცენტრების, საოჯახო ტიპის სახლების და მსგავსი სააღმზრდელო – საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერებას.
„გამოვლენილი იქნება ყველა დარღვევა თუ გადაცდომა ბავშვზე ზრუნვისა და მომსახურების პროცესში, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უფრო მოცულობითი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება ბავშვებისთვის განკუთვნილი სერვისები, დამკვიდრდება ამ სერვისების დროული და სამართლიანი განაწილების პრინციპი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნისთვის. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დასაქმებულთა სამუშაო უფლებებზე და შრომის ღირსეულ პირობებზე. მისივე თქმით, ამ მიმართულებებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამინისტრო აგრძელებს სისტემური და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას, რომელთა საბოლოო მიზანია ქვეყენაში დასაქმების და შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა. ეკატერინე ტიკარაძე, ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უკვე დაკმაყოფილებულია 41 000-ზე მეტი ოჯახი.
„2020 წელს დევნილთა საჭიროებების განხორციელებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 70 მილიონი ლარი და განსაზღვრულია 4 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, 240 დევნილი ოჯახისთვის, „სოფლად სახლი“-ს პროექტის ფარგლებში ინდივიდუალური სახლები აშენდება, ასევე მოხდება მათი დახმარება საარსებო წყაროებით. პროექტი გერმანიის მთავრობის დახმარებით იგეგმება და ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა.
„ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ყველა პროგრამას დევნილთა საჭიროებებზე დროულად რეაგირებისთვის, თუმცა აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ბინების განაწილების პროცესში, სახელმწიფო მოქმედებს კანონის ფარგლებში და დეტალურად მიჰყვება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ორიენტირებულია დევნილთა რეალურ საჭიროებებზე. აღნიშნული კრიტერიუმები 2013 წელს შემუშავდა სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2013 წლამდე საერთოდ არ არსებობდა საცხოვრებლების განაწილების კრიტერიუმები. მათი შექმნის დღიდან კი 15-ზე მეტი ცვლილება განხორციელდა, რათა კრიტერიუმები დევნილთა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული გამხდარიყო. სამომავლოდაც ვგეგმავთ შეფასების ფორმატის განახლებას. ჩვენ აუცილებლად დავამკვიდრებთ სამართლიანობას და ხელს შევუწყობთ სახელმწიფო რესურსების რაციონალურად მართვას მეტი საჭიროებების მქონე ოჯახებისთვის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სამომავლო პოლიტიკის პრიორიტეტია არამხოლოდ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, არამედ საზოგადოებაში მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის, ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და რაც მთავარია საკუთარ სახლებში დაბრუნებაა. მოხსენების დასრულების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ სხდომაზე სიტყვით ცალკეული დეპუტატები, საპარლამენტო ფრაქციებისა და უმრავლესობის წევრები გამოვიდნენ.
პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი: „კარგია შრომის ინსპექცია რომ სსიპ – ად გავა, მაგრამ მას უნდა დაემატოს ვალდებულება და შრომის უფლებების გადამოწმება. ეს ხომ ქრესტომათიული საკითხია, სადაც შრომის უფლებები არ არის დაცული, იქ შრომის უსაფრთხოებაც ვერ იქნება დაცული და ასეთ საკითხებს პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება. რაც შეეხება დასაქმებას, 200 და 300 ლარად როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა? შემოტანილი მაქვს მინიმალური ხელფასის კანონი, რომლის მიხედვითაც მინიმალურ ხელფასად 500 ლარია განსაზღვრული. მხარს დაუჭერთ ამ კანონპროექტს? თუ არ დაუჭერთ მხარს, ვერავის აიძულებთ სამსახურში წავიდეს, მიუხედავად იმისა ადამიანი სოციალურად დაუცველია თუ არა. სამსახურს მიმზიდველობა უნდა ჰქონდეს“.
პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე: „მგონია, რომ რაც ჩვენ დღეს მოხსენების სახით და მერე პასუხების სახით მოვისმინეთ, ძალიან შორს არის იმ რეალობისგან, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩემთვის, პირველ რიგში, საინტერესო იქნებოდა, რომ მინისტრის მხრიდან ყოფილიყო რეალური მდგომარეობის ადეკვატური აღქმა, არა იმაზე საუბარი, რომ პროცესები მიდის და მიღწევები გვაქვს, არამედ იმაზე საუბარი რეალურად რა ხდება სოციალურ სფეროში, რეალურად რა ხდება დასაქმების სფეროში და რეალურად რა ხდება ჯანდაცვის სფეროში“.
პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე: „უკვე რვა თვეა მინისტრი ხართ და ვერანაირად ვერ ჩავთვლი, რომ თქვენ როგორც ჯანდაცვის მინისტრი, როგორც საჯარო პერსონა, როგორც პოლიტიკური ფიგურა ხართ ღია საზოგადოებისთვის. თუ თქვენ მხოლოდ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს ესაუბრებით და რამეზე თანხმდებით, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან, პაციენტებთან, ექიმებთან, კლინიკებთან და ოპოზიციასთან გაქვთ თანხმობა“.
პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი: „ამ ქვეყანაში იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები ყველაფერს კარგავდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ეზრუნათ, რაც შეიცვალა და ეს ძალიან დიდი მონაპოვარია. ვამაყობ, რომ პატარა წვლილი ამაში მეც მაქვს შეტანილი, მაგრამ სულ იმაზე აპელირება, რომ რაღაც კარგია და მოდი ამის ფონზე ნებისმიერი რამე გავაკეთოთ, არ არის სწორი“.
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები“
სიმონ ნოზაძე: „ხაშურის საარჩევნო ოლქში, რომლის წარმომადგენელიც მე ვარ, ბევრი დევნილია როგორც აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან, ბევრი რამ კეთდება. ის რაც 2019 წელს გაკეთდა, ამდენი რამ არ გაკეთებულა ამ ბოლო წლების განმავლობაში. მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე დგახართ და სწორ რეფორმებს ატარებთ“.
ფრაქცია „ქართული ოცნება“
სოფო კილაძე: „დღეს, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი, იყო ბევრი კითხვა და შესაბამისი პასუხები. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ბევრი ნაბიჯი, რომელიც იდგმება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება წარმატებული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, პირველი, იგი რეალურად ემსახურება იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ და მეორე, სამინისტროს აქვს სისტემური ხედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია არის ბევრი გამოწვევა, ვინაიდან ეს არის უდიდესი და ურთულესი სამინისტრო, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა სფეროა თავმოყრილი. მესმის ოპოზიციის წარმომადგენლებისაც – მათი საქმეა გააკრიტიკონ ხელისუფლება, ამაში ახალი და უჩვეულო არაფერია, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ მივაღწიოთ რეალურ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“.
რატი იონათამიშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტული პოზიციები, ინფორმაცია კონკრეტულ შედეგებზე გათვლილ აქტივობებზე და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ჯანდაცვის მინისტრი უმოკლეს ვადაში, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და უკეთეს ხვალინდელ დღეზე აისახოს. სამინისტრომ მუშაობა დაიწყო იმ მიმართულებით, რომ სოციალურად დაუცველების შემოწმების პერიოდში არ მოხდეს სოციალური დახმარების შეწყვეტა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მედიკამენტებით მოქალაქეების უზრუნველყოფის საკითხი (აღსანიშნავია, რომ 128 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ სერვისით), რათა იგი უფრო მეტად იყოს მორგებული ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით სამინისტრო რეფორმებს გეგმავს“.
საპარლამენტო უმრავლესობა
დიმიტრი ხუნდაძე: „სარგებელი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა – რომ ქუჩაში უფულობის გამო ადამიანი აღარ იღუპება, ამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. მაგრამ ის, რომ 40 ათას ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახები არ არიან ამ სისტემაში და ეს არის კითხვის ნიშანი, რომ შესაძლოა ეს პროექტი არ გაგრძელდეს – ეს ასე არ არის. ეს ინდიკატორად ვერ გამოდგება, რამეთუ თავიდანვე, ეს სეგმენტი არ იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს არის დაახლოებით 10 % რომელიც თავიდანვე კერძო სექტორიდან იღებდა სერვისებს. რაც შეეხება იმ თემას, რომ ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა და 300 ბავშვი წელიწადში ამის გამო იღუპება. მინდა გითხრათ, რომ 77 000 ბავშვის შიმშილობის UNICEF-ის მონაცემი არის 2011 წლის მონაცემი. 300 ბავშვის გარდაცვალება კი ყოველწლიურად, არის 2009 წლის მონაცემი. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო მმართველობაში და დღეს, ჩვენ გვაბრალებს ამას და საზოგადოებას აწვდის აბსოლუტურ ტყუილს. კვების რაციონი სრულფასოვნებასთან დაკავშირებით, შეიძლება კითხვის ნიშანი იყოს. შიმშილით დღეს ბავშვები არ იღუპებიან, თუმცა მათი სიღარიბე, რა თქმა უნდა არის პრობლემა. კვების რაციონის სრულფასოვნებაზე არის აქ საუბარი, შიმშილის დეფინიცია აქ არ არსებობს. კვების რაციონის არასრულფასოვნება არ ნიშნავს, იმას, რომ ის არის სიკვდილის ზღვარზე. დღეს ეს მონაცემი, 77 000, იგივე UNICEF-ის მონაცემით არის რადიკალურად განსხვავებული და ეს არის მინიმუმ 28000-ით ნაკლები. მაგრამ არსებობს მსოფლიო ბანკის სიღარიბის მაჩვენებლის კვლევის ბოლო მონაცემები, რაც კონტრასტულად გაუმჯობესებულია“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოსვლების შემდეგ, მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა შეაჯამა სხდომის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
„მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ეკას ვრცელი მოხსენებისთვის. იყო კამათიც. ეს არის პოლიტიკური დაწესებულება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ასეთი საგანგებო თემები, რომელიც დღეს იყო განხილული და რომელიც არ დამთავრებულა, იქნება უფრო მეტად საქმეზე ორიენტირებული და ამ საქმეს ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტმა 76 ხმით მხარი დაუჭირა კარლო კოპალიანისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
საკითხის თაობაზე მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კარლო კოპალიანი არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობაზე, რაც შეუთავსებელია საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსთან.