საცობებისგან განტვირთვის მიზნით შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია

11/01/2016

თბილისის მერიაში საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის მიზნით შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. 26 მაისის, ჟვანიასა და სააკაძის მოედნებზე, პეკინის, კანდელაკისა და შარტავას ქუჩებზე, შარტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დასკვნა საერთაშორისო კომპანია „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-მა მოამზადა.

„ჩვენ შევუკვეთეთ კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი მძიმე სატრანსპორტო კვანძის საცობებისგან განტვირთვას, როგორიცაა სააკაძის, 26 მაისის მოედანი, პეკინის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები. შესაბამისად, შერჩეულმა გერმანულმა კომპანიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების დათვლის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებით მომზადდა. საერთაშორისო კომპანია A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-ის დასკვნა აღნიშნულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის გაუმჯობესების რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს, მათ შორისაა საგზაო მოძრაობის რეგულირება, ჭკვიანი შუქნიშნების დაყენება, კუნძულების შექმნა და ა.შ. შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ვფიქრობთ, ერთი ყველაზე ოპტიმალურია და არჩევანს მასზე შევაჩერებთ. შესაბამისად, მანამ, სანამ ჩვენ რაიმე ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, სწორედ, ამ მოდელს გავითვალისწინებთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვთარება ქალაქში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც“, – განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

ზემოაღნიშნულ ქუჩებსა და მოედნებზე ამჟამად არსებული მოძრაობის ინტენსივობა ზღვრულ გამტარუნარიანობას აჭარბებს, ამასთან, არსებული საგზაო ქსელის მახასიათებლები ვერ პასუხობს ნაკადის გაზრდილ მოთხოვნებს, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო მოცდენების ზრდა, საცობების წარმოქმნა, მიმოსვლის სიჩქარის შემცირება, ხმაური და გარემოს დაბინძურება.

საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, მოძრაობის შეფერხების აღმოსაფხვრელად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესამცირებლად, ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი გახდა აღნიშნულ ქუჩებსა და მოედნებზე საგზაო მოძრაობის მონაწილეების ნაკადების კომპლექსური შესწავლა, შესაძლო სარეკონსტრუქციო-საპროექტო (26 მაისის და სააკაძის მოედნებზე, პეკინისა და ცინცაძის ქუჩების გადაკვეთა) წინადადებების შემუშავება, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადების მოდელირება და მოსალოდნელი შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება, რათა გათვლების და მოდელირების გარეშე არ განხორციელდეს მსხვილბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი სახის დანახარჯები, რომელთაც არ ექნება პროპორციული ეფექტი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ დასკვნის მომზადების მიზნით დიდი გამოცდილების მქონე და საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილ კომპანიებს „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-ს და ,,SYSTRA-SPECTRUM”-ს მიმართა, რის საფუძველზეც, კომპანიებმა დედაქალაქის მერიას დასკვნის მომზადებისთვის საჭირო დროისა და ღირებულების შესახებ შეთავაზებები წარუდგინეს.

დაბალი ფასისა და დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით დასკვნის მომზადება კომპანია „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-ს დაევალა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კომპანიას შემუშავებული აქვს მრავალი დიდი ქალაქის სატრანსპორტო მოდელი.

საერთაშორისო კომპანია „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში განხილულია საბურთალოს რაიონში მდებარე პრობლემურ მონაკვეთებზე განსახორციელებელი სამუშაოების რამდენიმე ვარიანტი და სამუშაოების შესრულების შედეგები. საუკეთესო ვარიანტის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, აღნიშნულ მონაკვეთებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილება და განიტვირთება საგზაო მოძრაობა, ამასთან, გაიზდება სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობა.

თბილისის მერიაში გამართულ პრეზენტაციას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0