საჩხერის მუნიციპალიტეტში “საჩხერლობა 2017” აღინიშნა

29/10/2017

საჩხერის მუნიციპალიტეტში “საჩხერლობა 2017” და პაოლო იაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავი აღინიშნა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო ლიტერატურული კომპოზიციები, პერფორმანსი, ფოტო–გამოფენები, წიგნების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა და სამოყვარულო ჩემპიონატები მკლავჭიდსა და ნარდში. საზეიმო ღონისძიებებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე და სხვა მოწვეული სტუმრები შეუერთდნენ, რომლებმაც სპეციალურად მოწყობილი ეთნო კუთხეები დაათვალიერეს. ეთნო კუთხეებში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, რეწვის ნიმუშები და სამზარეულო იყო წარმოდგენილი.
დღესვე, სოფელ სხვიტორში, საექსპოზიციო დარბაზი გაიხსნა, რომლის რეაბილიტაციაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 470 776 ლარით დააფინანსა. დარბაზში აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალა არის განთავსებული, მათგან უმრავლესობა საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო.
პაოლო იაშვილის დაბადებიდან 125 წლის აღსანიშნავად, პოეტის სახლ–მუზეუმზე მემორიალური დაფა და ასევე, ქალაქ საჩხერეში, პაოლო იაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.
“საჩხერლობა 2017” – თან დაკავშირებით საპატიო საჩხერლებიც აირჩიეს, რომლებსაც სპეციალური სიგელები გადასცეს. სახალხო დღესასწაული საზეიმო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0