საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ, ავთანდილ თალაკვაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გახსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და კომპიუტერებით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური – 11 ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.
იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ცენტრი, აქედან 11–ს ბოლო 3 წლის განმავლობაში შენობები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაეცა.
2017 წლიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა
13/10/2018