საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ბათუმში განიხილა

25/04/2024

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს, ბათუმში განიხილეს. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი არსი და მნიშვნელობა გააცნო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს ეხება.

„ჩვენი კონსტიტუციით, კანონით, როცა ცვლილება კონსტიტუციას ეხება ან როცა კანონს კონსტიტუციური კანონის სახე აქვს, აუცილებელია სახალხო განხილვა იმისთვის, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს საზოგადოებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი დამოკიდებულებაა, თუ საზოგადოებისგან მხარდაჭერა არის, ამის შემდეგ გააგრძელოს პროცედურები პარლამენტში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მუშაობას 17 მაისს დაასრულებს და პარლამენტს საზოგადოების მოსაზრებებს წარუდგენს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ქართველებისთვის მენტალურად მიუღებელია, როდესაც მეგობარი ქვეყნის ლიდერები საკუთარ თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ნეიტრალური ტერმინებით მიმართონ ერთმანეთს.

„უდავოა, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველას უფლება. არავის აქვს უფლება მეორე ადამიანის ცხოვრებაში ჩაერიოს და ჩვენ არავის ცხოვრებაში არ ვერევით. ყველას აქვს თავის ცხოვრება, როგორი განსხვავებული ცხოვრების წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს და მათი უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და არის კიდეც დაცული – ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ფუნქციონირებს საქართველოში. მეორე მხრივ, უმცირესობის უფლებები თუ არის დაცული, უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს დაცული და ამაში არც არავინ უნდა შეგვედავოს“, – კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე ისაუბრეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა: თენგიზ შარმანაშვილმა, სოზარ სუბარმა, ფრიდონ ინჯიამ და შალვა კერესელიძემ. კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0