საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, ქსელის მშენებლობა დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

15/01/2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საკითხს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება, საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დავასრულეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისთვის აუცილებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შემდეგი საპილოტე რეგიონი არის ქობულეთი, სადაც პროცესი მიმდინარეობს. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის. გეგმის მიხედვით გაგრძელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სხვადასხვა სოფელსა თუ მაღალმთიან დასახლებაში შეძლონ მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ახალგაზრდების მეტი და უკეთესი განათლების შესაძლებლობისა და მეტი გამყარებისთვის სოფლებში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, ქსელის მშენებლობა დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც აშენდა 140კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, სერვისი უკვე მიეწოდება ადგილობრივ ოპერატორებს და მათი მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს რეგისტრაციები და მოსახლეობის ქსელში ჩართვა. მშენებლობა დასრულების ეტაპზეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს 50 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობას, 13 დასახლებულ პუნქტს და 10,500 მოსახლეს. „Log in Georgia“-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაგეგმილია 1000-მდე დასახლებულ პუნქტში (მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში), რომლითაც სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0