საყდრისის დაცვის კომიტეტი მცხეთაში აეროდრომის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

22/06/2016

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი პროკურატურისგან მცხეთაში აეროდრომის მშენებლობის შეჩერებას და ფაქტის შესწავლას ითხოვს .

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა ირაკლი მამალაძემ და ანა მიქაუტაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც კომპანია „აჭარა ჯგუფის“ მიერ მცხეთაში, კერძოდ, „სვეტიცხოვლიდან 100 მეტრში აეროდრომის უნებართვოდ მშენებლობის შესახებ“ ისაუბრეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ირაკლი მამალაძემ განაცხადა, მათ ახლახანს გაასაჯაროვეს მცხეთაში აეროდრომის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ ეს მშენებლობა არის უკანონო და მიმდინარეობს ნებართვის გარეშე აეროდრომისა და საფრენი ბილიკის მოწყობა. მათივე ინფორმაციით, სამუშაოს ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია „აჭარა ჯგუფი“ ახორციელებს.

„თემურ უგულავას წარმომადგენლებმა თავიდან უარყვეს ინფორმაცია, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ საჰაერო ფრენებთან და კომპანიას რაიმე მსგავსი ლიცენზია ჰქონდა, თუმცა გუშინ გამოქვეყნდა მათი ოფიციალური განცხადება. მასში აღნიშნულია, რომ თემურ უგულავას კომპანია აპირებს შევიდეს საჰაერო გადაზიდვების ბიზნესში. მას თვითმფრინავიც ჰქონია შეძენლი და საქართველოს მასშტაბით აეროპორტების მოწყობას გეგმავს. ერთ-ერთი არის მცხეთა, სადაც სურს ამ ბიზნესმენს სხვადასხვა მიმართულებით იფრინოს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინაშე, საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბიზნესმენები თემურ უგულავა და კონსტანტინე მარგოშია საბოტაჟს მიზანმიმართულად ახორციელებენ.
მისივე განცხადებით, ამის მიზეზი არის ის, რომ მცხეთა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოვარდეს.

ირაკლი მამალაძის თქმით, მცხეთაში არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც გარკვეულ ბიზნესმენებს ეკუთვნით და ისინი ვერ იყენებენ მიწის ნაკვეთებს, რადგან მცხეთაში ერთი წლით მშენებლობებზე მორატორიუმია გამოცხადებული. მამალაძის ინფორმაციით, მორატორიუმს ვადა დეკემბერში გასდის.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ანა მიქაუტაძემ ბრიფინგზე აეროდრომის მშენებლობის შესახებ ფოტოსურათები წარადგინა. მისივე თქმით, ადგილზე მწვანე საფარი უკვე განადგურებულია, მიტანილია სამშენებლო მასალა და მცხეთის მერიის მიერ სასამართლოში შეტანილი საჩივრის მიუხედავად, რომელსაც ეს მშენებლობა უნდა შეეჩერებინა, ადგილზე მშენებლობა მაინც მიმდინარეობს.
ანა მიქაუტაძემ საუბრისას განაცხადა, რომ 2009 წელს იუნესკომ მცხეთა საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეიტანა და თუ იქ რაიმე მშენებლობა განხორციელდება, სვეტიცხოველი, ჯვარი და სამთავროს მონასტერი იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხიდან ამოვარდება. მისივე თქმით, „აჭარა-ჯგუფი“ მცხეთაში 18 ჰა. მიწის ნაკვეთს ფლობს.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ ბიზნესმენ თემურ უგულავას ივანიშვილის კარზე მფარველობას რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია უწევს, რომელიც უგულავას მეგობარია.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები აპირებენ პროკურატურას მიმართონ და გადასცენ მას ვიდეომასალა. ისინი პროკურატურისაგან ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0