საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 25 მაისს ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. იგი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ბათუმის საზღვაო აკადემიაში მეზღვაურებისა და კურსანტების წინაშე და საზღვაო აკადემიის მეოთხე კურსელთა საზეიმო დაჯილდოების შემდეგ სასწავლებლის სანავიგაციო ხიდურისა და გემბანის საწყისი ცნებების აუდიტორიების გახსნას დაესწრო.
სანავიგაციო ხიდურისთვის აღჭურვილობა იაპონურ კომპანია „Furuno“-ს ეკუთვნის, რომლის შესაძენად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 390 000 ლარი გამოიყო. თანამედროვე აღჭურვილობა მთლიანად მოიცავს ხიდურის ყველა იმ მოწყობილობას (რადარი, ელექტრონული რუქა, კომპასი, გლობალური კომუნიკაციის საშუალებები, სინოპტიკური ხელსაწყოები), რომელიც, დღესდღეობით, უცხოურ საზღვაო გემებზე არსებობს. სანავიგაციო ხიდური საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში დაეხმარება.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან საქართველო ყოველთვის იყო საზღვაოსნო ქვეყანა და ყოველთვის ამაყობდა თავისი ტრადიციებით. მისი განცხადებით, საზღვაო დარგის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მთავრობამ გასული წლების განმავლობაში ძირეული რეფორმები ჩაატარა მეზღვაურთა განათლების დონის ამაღლებისა და მეზღვაურთა უფლებების დაცვის მიზნით, დაიხვეწა კანონმდებლობა, გამკაცრდა ზედამხედველობა საგანმანათლებო პროგრამებზე და მეზღვაურთა დასაქმების პოლიტიკაზე, გაუმჯობესდა სასწავლო ინფრასტრუქტურა და ა.შ. შედეგად, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მოხდა ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებამ ქართველ მეზღვაურებს გზა გაუხსნა ევროკავშირის ბაზარზე, რადგან ევროპულ გემებზე მათი დასაქმების კუთხით არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა. „მეზღვაური არის პასუხისმგებლიანი, მამაცი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სირთულეების გადალახვა. დღეს საქართველოში 1500-მდე მეზღვაური გვყავს, რომელთა კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში 180 მილიონ ლარზე მეტია. ეს მნიშვნელოვანი თანხაა როგორც ეკონომიკისთვის, ისე დასაქმებისთვის,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიდი შეფასება მისცა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საქმიანობას. ის ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. ამჟამად აკადემიაში 2000 სტუდენტი სწავლობს, მათგან 15 უცხოელია (9 ნიგერიელი, 3-3 თურქი და აზერბაიჯანელი). საზღვაო აკადემიის სტუდენტის დასაქმების არეალი არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა. აკადემიის კურსდამთავრებულთა საშუალო დასაქმების მაჩვენებელი 75 პროცენტია. ქართველი მეზღვაურები, ძირითადად, დასაქმებულნი არიან ევროპულ და აზიურ გემთმფლობელთა გემებზე.
აკადემია ამზადებს არა მხოლოდ ოფიცრებს, არამედ რიგით მეზღვაურებს სასწავლებელთან არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში (ერთწლიანი უფასო სწავლება), რაც ეხმარება კურსდამთავრებულს, მოკლე დროში დაეუფლონ აღნიშნულ კვალიფიკაციას.
ბათუმში მეზღვაურთა დღის ღონისძიებებს ორგანიზება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ გაუწიეს.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საქართველოში მეექვსე წელია აღინიშნება. 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად 2011 წელს გამოაცხადა.
საქართველო ყოველთვის იყო საზღვაოსნო ქვეყანა
25/06/2016