საქართველო უნიკალურ კოლექციას მიიღებს

27/09/2017

მრავალთვიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პარიზში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ძალითაც საქართველო უნიკალურ კოლექციას მიიღებს.
ქართველი მხატვრის სვიმონ დადიანის 23 უნიკალური ფერწერული ტილო და 2 ქანდაკება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბინას ხელოვნების სასახლეში დაიდებს.
რამდენიმე ათეულ ათას ევროდ შეფასებული ექსპონატები სამშობლოს ქართველი ემიგრანტების შთამომავლობამ მიხეილ და ლია ვოდეებმა გადასცეს.
კოლექცია დიპლომატიური ტვირთის სტატუსით საფრანგეთში საქართველოს საელჩომ გამოგზავნა და პროცესს პატრონაჟს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს.
სვიმონ დადიანის მემკვიდრეობის ხელოვნების სასახლისთვის გადაცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომელიც ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს კოორდინირებას უწევდა, სამინისტროსვე მხარდაჭერით იგეგმება სვიმონ დადიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კატალოგის გამოცემა.
სვიმონ დადიანი მხოლოდ და მხოლოდ ხუთი წლის იყო, როცა 1921 წელს, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად, საქართველო დატოვა.
სვიმონ დადიანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში მიიღო, შემდეგ შეერთებულ შტატებში და იქვე დარჩა საცხოვრებლად. II მსოფლიო ომის დროს იგი ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.
მხატვარი გარდაიცვალა 1974 წელს, სან-ფრანცისკოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0