საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს

07/03/2022

პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე ვუჭერთ მხარს უკრაინას, უკრაინული ქალაქების დასახმარებლად 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და უკრაინაში რჩება საქართველოს ელჩი იმისთვის, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, ასევე, გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაწევაც.

„მინდა, საუბარი ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობის გამოხატვით დავიწყო. რა თქმა უნდა, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმე საყურებელია. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მხარი დავუჭირეთ და, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით, დახმარების სახით უკრაინაში 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინული ქალაქების დასახმარებლად და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გავგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა, ახლაც, რა თქმა უნდა, უკრაინაშია, გადასულია სხვა ქალაქში. კიევში იყო და სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა კიევიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ იმისთვის, რომ ჩვენი არც ერთი თანამოქალაქე, რომელიც უკრაინაშია, არ დარჩეს ყურადღების მიღმა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0