ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი I მოსმენით განიხილა. კანონპროექტს, რომლის მიღებაც კოვიდ-პანდემიას უკავშირდება, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. საკომიტეტო განხილვაში კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. როგორც კანონპროექტის წარდგენისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კანონში ცვლილებების განხორციელება დაკავშირებულია მოსახლეობის რაც შეიძლება დროულ და ხარისხიან ვაქცინაციასთან. მისი თქმით, ხარისხიანი ვაქცინის სწრაფად შემოტანა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს, რომელიც პირველ რიგში, მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება გათვლილი. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანისთვის შესაფერი ინფრასტრუქტურული გარემო უნდა იყოს შექმნილი, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც უნდა არსებობდეს, კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა იყოს აღებული ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით.
„საქართველო კორონა ვირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში სწრაფი, ხარისხიანი ვაქცინის შემოტანა და უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია და შემდეგ ის პრაქტიკულად მთელ მოსახლეობაზე გავავრცელოთ. ამისათვის კი გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა საჭიროა საკანონმდებლო ბაზაც იყოს მზად. სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა იყოს აღებული ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, თუ ზიანი, რა თქმა უნდა, არ არის მედპერსონალის, კლინიკის, ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში დათესონ, რომ თითქოს ქვეყანაში უხარისხო ვაქცინა შემოვა, რაც სინამდვილეს არ შესაბამება და საქართველო მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინით დაინტერესდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული და იქნება მაღალი ხარისხის. შესაბამისად, მოსახლეობა დამატებითი რისკის ქვეშ არ დადგება. მოქმედ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ლადო კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის მსოფლიოში ავტორიზებული ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ითხოვენ, რომ ქვეყნების მხრიდან მაქსიმალურად იქნეს დაცული ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და სახელმწიფოს აღნიშნული რისკების გაზიარების მექანიზმების შექმნას სთხოვენ, რასაც ემსახურება კიდეც წარმოდგენილი კანონპროექტი. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ამგვარად, კანონპროექტის მიღებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რაც ემსახურება კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ყველა იმ აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარებას, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული. განახლებული საკანონმდებლო ნორმები სახელმწიფოს მისცემს საშუალებას ეპიდემიისა და პანდემიის პირობებში შესაბამისად იმოქმედოს. კანონპროექტი ამასთანავე ხელს შეუწყობს ვაქცინით მოსარგებლე პირთა უფლებების უკეთ რეალიზაციას, რამდენადაც კანონპროექტი კონკრეტულად საზღვრავს ფარმაცევტული პროდუქტის (ვაქცინა ან მედიკამენტი) გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელ მხარეებს. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ზოგადად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს პასუხისმგებლობის ფარგლებს აცრების ეროვნული კალენდრით მოცული პროფილაქტიკური აცრებისთვის და, შესაბამისად, მიზანშეწონილი გახდა საკანონმდებლო დონეზე ისეთი ნორმის შემუშავება, რომელიც დაადგენდა სახელმწიფოს როლსა და პასუხისმგებლობის ფარგლებს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრების პროცესთან მიმართებაშიც. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.