საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის ფორუმის (CAMCA) მონაწილეებს გალა-ვახშამზე უმასპინძლა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ფორუმის ორგანიზატორი რამსფელდის ფონდის ხელმძღვანელი, აშშ-ს თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა რამსფელდის ფონდს, პირადად თავდაცვის მდივანს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს აღნიშნული ფორუმის დაფუძნებისა და ამ გზით საქართველოსა და მის სამეზობლო რეგიონში ახალგაზრდა პროფესიონალებისა და ლიდერების ხელშეწყობისთვის.
საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა თანამედროვე მსოფლიოში ცენტრალური აზიის რეგიონის ახალ შესაძლებლობებს, რაც აბრეშუმის გზის კონცეფციის რეაბილიტაციას უკავშირდება. მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ახალი დამაკავშირებელი გზებისა და ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, რაც განავითარებს როგორც სავაჭრო ურთიერთობებს, ასევე დააახლოვებს ერთმანეთთან რეგიონის მოსახლეობას. „საქართველო ვითარდება, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რეგიონალური ჰაბი და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს მთლიანად რეგიონის ქვეყნებს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული ფორუმი. ის აკავშირებს ჩვენს საზოგადოებებს, ქმნის ნიადაგს და აყალიბებს წარმატებული მომავლის ერთიან ხედვას“-განაცახდა მინისტრმა.
დონალდ რამსფელდმა საკუთარ გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ფორუმის მასპინძლობისთვის. რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
გალა-ვახშამს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
საქართველო ვითარდება, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი რეგიონალური ჰაბი
20/06/2016