საქართველო ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი გახდება

10/05/2016

მნიშვნელობა არ აქვს რა დრო დასჭირდება ამის განხორციელებას – საქართველო გახდება ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი – ამის შესახებ “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ ამსტერდამში, ევროპულ ფორუმზე განაცხადა.

როგორც prof-news-ს ფონდის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუხაძემ საქართველოში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის, რასაც ხელისუფლება ამტკიცებს.

“საქართველოს განვითარების ფონდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გამოსვლისას მომავალ არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მისი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება გახდება იმის დასტური თუ რამდენად გაიზარდა ქართული დემოკრატია და რამდენად იმსახურებს საქართველო სრულფასოვან ადგილს ევროპულ ოჯახში.

“არიან ძალები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ვისაც სურთ, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს გადაუხვიოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა დაისადგურებს, რაც უსამართლობამ შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ უაღრესად მნიშნველოვანია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამართლიანი და მისი შედეგი ზუსტად ასახავდეს ამომრჩევლების ნებას. რაშიც, ევროკავშირმა აშშ-სთან ერთად მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და ინტენსიურად დააკვირდეს პროცესს”, -განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, არ გვინდა ვიყოთ ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეების მხოლოდ მომხმარებლები, არამედ გვინდა საკუთარი წვლილი შევიტანოთ როგორც ევროპული უსაფრთხოების, ასევე კეთილდღეობის კომპონენტში.

”არის უმძიმესი სოციალური ფონი, არაფორმალური მმართველობა, სერიოზული პრობლემებია სასამართლო სისტემის, ადამიანის უფლებებისა და მედია თავისუფლების მიმართულებით. თუმცა, ის კვლავაც ლიდერი ქვეყანაა რეგიონში ყველა ამ მიმართულებით, დემოკრატიისა თუ რეფორმების ხარისხითა და ტემპით, ამიტომ ის მეტს იმსახურებს. საქართველო უკვე მონაწილეობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს. საქართველო არის როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. თუმცა, ამ პოტენციალის სრულად ამოქმედებისთვის საჭიროა ბევრად მეტი ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება ან თავისუფალი ვაჭრობაა ევროკავშირთან”, – განაცხადა რუხაძემ.

ღონისძიება, რომელსაც 40 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, 8-9 მაისს ამსტერდამში გაიმართა. ევროპის ფორუმი ყოველწლიურად ევროკავშირის დაარსების დღეს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში ტარდება. მას პოლიტიკოსები, ანალიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0