„ჩემთვის დიდი პატივია უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ლასლო კიოვერის მასპინძლობა და ჩემი კოლეგისთვის ქართული სტუმართმოყვარეობის, ისტორიის, კულტურის გაცნობა. ჩვენი სახელმწიფოები 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს პოლიტიკურ დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ლასლო კიოვერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ, ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოს ასეთი პარტნიორობა და თანადგომა საქართველოსთვის განსაკუთრებით დასაფასებელია.
„ამ კონტექსტში ჩვენი მიზანია აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობის შევსება, გაძლიერება და გამდიდრება საპარლამენტო მიმართულებით. შეხვედრაზე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით და ვაფასებთ უნგრული მხარის უმაღლესი დონის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მკაფიოდ და უპირობოდ უჭერს მხარს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი სამშობლოს ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის ის, რის მოსმენას სხვა სახელმწიფოებისგანაც ველით და ვისურვებდით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა და აღნიშნეს ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი.
„რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა წევრი ქვეყნის, მათ შორის, უნგრეთის გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე. მზად ვართ საქმიანი და არსებითი დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის. დიდი ენერგიით და მონდომებით გავაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.