საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი
UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.
„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველო, თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საამაყოა, რომ საქართველო მასპინძლობს პანდემიის დაწყების მომენტიდან პირველად გამართულ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას
„ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ორ გზავნილს შეიცავს: საქართველო განიხილება როგორც ტურისტულად უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია ამ დარგში და შეიძლება უფრო მეტი, მაღალი და ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურად. „მეორე გზავნილი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება, საკმაოდ წარმატებულად, ყველაფერს აკეთებს, რომ ნ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები ჩატარდეს საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენ კვლავაც ვართ მწვანე ქვეყანა და ეს არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება.