საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პირველი მიმოხილვის დასრულებას და მის პოზიტიურ შედეგებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები აბსოლუტურად იმ ჩარჩოებშია, რომელიც განსაზღვრული იყო, ხოლო ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა დაგეგმილს გადააჭარბა.
„ჩვენ, წლის ბოლოსთვის გვექნება ეკონომიკის უფრო მაღალი რეალური ზრდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი 4,3%-მდე აწია, თუმცა ჩვენ ცოტა უფრო მაღალ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე. ეკონომიკურმა გუნდმა, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, ძალიან ეფექტურად იმუშავა. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფისკალური მენეჯმენტის სისტემით. ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ის კრიზისი, რომელიც რეგიონში იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველომ წარმატებით გადალახა. დღეს არის საკმაოდ დიდი გაჯანსაღების ტენდენცია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რა თქმა უნდა, რეგიონშიც, მაგრამ საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით. რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობის, ასევე – ეროვნული ბანკის და კოორდინირებული კარგი მუშაობის დამსახურება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით
11/10/2017